გურიის რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმო იქნება. დაბა ლაითურში შპს „ეფკო“-ს კუთვნილმა მოცვის პლანტაციებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. ადგილობრივი მცირე მეწარმეები შეძლებენ ქართული ლურჯი მოცვის, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტის, მსოფლიო ბაზარზე გატანას. მსხმოიარე 36 ჰა პლანტაციის გარდა, კომპანია ფლობს 326 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომლის სრული ათვისება შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში იგეგმება. ამ მასშტაბის მწარმოებელი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული აგრო ექსპორტიორი და მსოფლიო ხილ-ბოსტნეულის ბაზრის ღირსეული წევრი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლის პოზიციონირებას და გურიის რეგიონში სამუშაო ადგილებისა და დოვლათის შექმნას. GeorgianBlue აკმაყოფილებს მენეჯმენტის, ხარისხისა და სურსათის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რაც კომპანიას კარს უხსნის ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აღმოსავლეთ აზიის ბაზრებისკენ. USAID ის დახმარებით, 2020 წელს, კომპანიაში წარმატებით დაინერგა GlobalGAP და GRASP სტანდარტები, რაც ამტკიცებს, რომ კომპანია აწარმოებს უვნებელ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტს და ოპერირებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. სრულფასოვანი საწარმოო ინფრასტრუქტურისა და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე, GeorgianBlue-ს აქვს საშუალება პირდაპირ ითანამშრომლოს მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან და სუპერმარკეტების ქსელებთან სხვადასხვა ბაზარზე, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ფასნამატი სორტირებული, დაფასოებული და ბრენდირებული მაღალი ხარისხის პროდუქტისთვის, რაც ქვეყნისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს. სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ “ეფკოს“ კუთვნილი მოცვის პლანტაციები დაათვალიერა და ასევე, მოინახულა კომპანიის საწარმო, სადაც ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შენობის რეკონსტრუქცია და მოცვის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური ხაზის მონტაჟი.
გურიის რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმო იქნება
20/04/2021