გურიის რეგიონში, აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

13/06/2019

გურიის რეგიონში, აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტენსიური მონიტორინგის შედეგად მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ პრიორიტეტული სოფლები და ლოკაციები განისაზღვრა, სადაც კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. ოზურგეთში, ღონისძიებებს, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ლაშა შალამბერიძესა და ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, თერმული ნისლით წამლობის შესახებ, სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე გააფრთხილა. მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ასევე ჩართულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ თერმული ნისლით ღონისძიებები, მეფუტკრეებთან კოორდინირებული თანამშრომლობით დაიგეგმა და წამლობა საღამოს საათებში მოხდება, როცა დაბინავებულია ფუტკარი. დღეის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 2 400 ჰა ფართობი. სოფლებში განთავსებულია 5 170 ათასი „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა განხორციელდა 1 989 ჰა ფართობი. ტყისპირა ზოლებზე და სასოფლო-სავარგულო ტერიტორიებზე განთავსებულია 370 მონიტორინგის ფერომონი, რომელიც მავნებლის რაოდენობისა და არეალის დადგენის საშუალებას იძლევა.
ღონისძიებების პარალელურად გრძელდება აქტიური მონიტორინგი, რომლის შედეგებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის, ელექტრონულ ბაზაში აისახება. მონაცემების ინტერაქტიულ რუკაზე ასახვა და განახლება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე იგეგმება შეწამვლითი ღონისძიებები.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ SMS რეგისტრაცია და გზავნილების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია ღონისძიებების დაწყების და განხორციელების ვადებზე, საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge

Tweet about this on TwitterShare on Facebook0