გურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

25/03/2019

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული, ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში, დაგეგმილი პროექტის – „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის და რეგიონული მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის წარმომადგენელი სამსონ სიამაშვილი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი ნოდარ ტანგიაშვილი გაუძღვნენ.
18 თვიანი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები გაძლიერდება და გაფართოვდება. ცენტრს დაემატება 5 ახალი ბიურო და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა გააგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს რეგიონული მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა, ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები გაიმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0