საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული აკრძალვების მიუხედავად, გურიის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ერთწლოვანი და მრავალწლიანი კულტურების ბაღები მოინახულეს. ასევე, გაესაუბრნენ ადგილზე ფერმერებს და ის პროექტები გააცნეს, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს. ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ. მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკარმიდამო, თუ სასოფლო სამეურნეო სავარგულები, აგროვადების და ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით დაამუშაონ. გურიაში, პირველად, ბიო-პროდუქტების მოყვანა შპს „ჯორჯიან ტექნოლოჟიმ“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 100 000 ლარია და სეზონურად 50 ადგილობრივი მაცხოვრებელი ჰყავს დასაქმებული. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში საბოსტნე მეურნეობა 2,5 ჰა -ზეა გაშენებული; დაირგო 60 000 ძირი ბროკოლი, 10 000 ძირი ყვავილოვანი კომბოსტო, 10 000 ძირი სალათის ფურცელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ფერმერმა დავით დავითაძემ, მარწყვის წარმოება ღია გრუნტში დაიწყო. ბენეფიციარმა მეურნეობა მოაწყო საკუთარი სახსრებით და წლევანედლი მოსავალის საპროგნოზო რაოდენობა 40 ტონაზე მეტია. ამ ეტაპზე უკვე მოსავლის აღება მიმდინარეობს ველზე. პროდუქცია სარეალიზაციოდ გავა ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის გაიგზავნება აჭარაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ფერმერ ვაჟა ბოლქვაძეს, ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიასთან“, რომლის საფუძველზეც სასოფლო სამეურნეო ტექნიკით 5,5 ჰა მიწის ნაკვეთის დამუშავების საფასურის 50% სახელმწიფო დაუფარავს, ნაწილს კი თავად ფერმერი მას შემდეგ გადაიხდის, როდესაც ამ ნაკვეთზე მოყვანილი სიმინდის რეალიზაციას მოახდენს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, შპს „ბლუბერი ჰილს“ მიერ გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაცია. ბენეფიციარი დაფინანსებულია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 170 000 ლარის ოდენობით. ასევე, სარგებლობს აგროკრედიტით 600 000 ლარით. სამუშაოებში სეზონურად დასაქმებული ეყოლება 50 იდან 200 ადგილობრივი მაცხოვრებელი.
გურიაში საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
29/04/2020