ევროკავშირის, ASB საქართველოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საქველმოქმედო ასოციაცია “გურია” ახორციელებს პროექტს “ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისის შექმნა გურიის რეგიონში”.
პროექტი, მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრების ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებად გადამზადებას, სერვისის განსახორციელებლად აუცილებელი მასტიმულირებელი გარემოს შექმნასა და სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას. ადრეული ინტერვენციის პროგრამა განკუთვნილია ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ განვითარების სირთულეების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვები.
პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის საჭიროების მქონე ბენეფიციართა მშობლებთან, ბაგა-ბაღის მენეჯერებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს რეგიონში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, პროგრამისა და სისტემათა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადრეული ინტერვენცია ეს არის ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად ოჯახებისთვის ამ პროგრამით მომსახურების მიღება უფასოა.
გურიაში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი სერვისი იხსნება
20/12/2019