გურიანთის,ხვარბეთის და კონჭკათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

18/08/2019

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის სოფლებში – გურიანთის, ხვარბეთის, კონჭკათის მოსახლეობას შეხვდნენ, არსებული საჭიროებები მოისმინეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელეს. შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად ციტრუსისა და თხილის მოსავლის რეალიზაცია დაასახელა. გაზიფიცირება, წყალმომარაგება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია ადგილობრივებისთვის ასევე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სოფელ კონჭკათში და სოფელ გურიანთაში საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მოითხოვეს, სოფელ ხვარბეთში კი გარე განათების მოწყობა. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე.
სოფელ გურიანთის საჯარო სკოლაში დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, ამბულატორიის მშენებლობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება 40 000 ლარამდე ღირებულების სამუშაო, მოეწყობა სოფლის ცენტრი.
სოფელ ხვარბეთში რეაბილიტირდა ოზურგეთი-ნატანები-ურეკის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზიდან, სოფ ხვარბეთის გავლით კონჭკათის (კატისციხე) საზღვრამდე დამაკავშირებელი გზა. მიმდინარე წელს დაიწყება საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია 2020 წლისთვის. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულდება 31 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოები, მოეწყობა შიდა გზები.
სოფელ კონჭკათში დაგეგმილია ამბულატორიის მშენებლობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდება 60 000 ლარამდე ღირებულების სამუშაოები – (სოფლის შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა, მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა).
შეხვედრას დაესწრნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, ნინო წილოსანი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0