გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება

29/09/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. დედაქალაქის მერმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა შეჩერება მუნიციპალიტეტს გასულ წლებში პანდემიის გამო მოუწია. მათ შორისაა, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომლის მშენებლობა დღეს დაიწყო.

„ეს პროექტი 2023 წელს დასრულდება. მოეწყობა ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდი. ასევე, ხიდის ორივე მხარეს მოეწყობა სატრანსპორტო კვანძები, იმისთვის, რომ მარტივად და თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი. ამ პროექტის განხორციელებით, გარკვეულ შვებას იგრძნობს თამარაშვილის და ჩოლოყაშვილის ქუჩების მოსახლეობა. საკმაოდ დატვირთულია ასევე, ბაგების მონაკვეთი და ხიდის აშენებით, ამ გზების განტვირთვას შევძლებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე – რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გუშინ დაიწყო სამუშაოები და 2022 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული. 21 გონდოლა მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და სტუმრებს. საათში, დაახლოებით, 1 200 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება ამ საბაგიროს და რუსთაველიდან მთაწმინდის პარკში ასვლა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ისტორიული არეალების შენარჩუნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების ნაწილის რეაბილიტაციას ასრულებს.
კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის დროს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტებიც გამოვლინდა, რომლებიც შენახულია და სამომავლოდ, კონკრეტულ შენობაში განთავსდება.

„გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. მომდევნო დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა გავაკეთეთ და როგორი გამოვიდა ეს მოედანი თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ასევე, რეაბილიტაციის დროს, როდესაც სარდაფების გაწმენდა მიმდინარეობდა, აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები და არტეფაქტები. ეს ყველაფერი ამჟამად, თბილისის განვითარების ფონდში ინახება და სამომავლოდ, კონკრეტულ შენობაში განთავსდება. ისტორიული ნაშთების ნაწილი ძველი ნაგებობების, სათავსოების და ჭურჭლის სახით, შუა საუკუნეების პერიოდს მიეკუთვნება. აღმოჩენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ნაწილიც გრძელდება და საბოლოოდ, 30 შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლი იქნება აღდგენილი და მოწესრიგებული.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 22-მდე ძეგლია. ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოები გრძელდება და მიმდებარე ქუჩები, სახლები, შენობა-ნაგებობები სრულად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე, პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 200-მდე ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქში აღდგება პირველი ქართული სანოტო სტამბა.

„მოგეხსენებათ, რომ ილია ჭავჭავაძის სახლში გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული. სამომავლოდ იგეგმება, რომ პირველი ქართული სანოტო სტამბაც აღდგეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ მუზეუმს რამდენიმე დღეა ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს.

„რამდენიმე დღის წინ ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმი გაიხსნა. შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და მის რეაბილიტაციაში უდიდესი შრომა ჩაიდო. ძალიან მაღალი გემოვნებით, ავთენტურობის სრული დაცვით, განახლდა თითოეული ოთახი, კუთხე თუ საგამოფენო სივრცე. ყველას ვურჩევ, თავად ნახოს შესრულებული სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა რეკრეაციულ სივრცეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში, რამდენიმე დღის წინ რეაბილიტირებული რიგის სკვერი გაიხსნა.

„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შესაძლებლობა, სამგორის რაიონში გაგვეხსნა ახალი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. პარკი განთავსებულია 5 ჰა ფართობზე, საიდანაც 3 ჰექტარზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. აქ ულამაზესი ბულვარი მოეწყო. პარკის სივრცე მიმზიდველია ყველა ასაკის ადამიანისთვის. პატარებისთვის განთავსებულია ატრაქციონები, ასევე, სავარჯიშო მოწყობილობები, სარბენი ბილიკები, შადრევანი. ამდენად, ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგებულია. დარჩენილი 2 ჰექტარი მომდევნო წლების განმავლობაში განახლდება, მოწესრიგდება და იმ უკვე რეაბილიტირებულ სივრცეს შეუერთდება, რომლის შედეგად, 5 ჰექტარზე გვექნება ულამაზესი პარკი. იქ მცხოვრები მოქალაქეებისგან ამ პროექტის განხორციელებისთვის არაერთი მადლობა მივიღეთ. მე, პირიქით, დიდი მადლობა მინდა, გითხრათ, თქვენ. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გვინდა, ყველაფერი საუკეთესო იყოს. ასე რომ, მომდევნო წლებში, პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების სახით, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია.

„როდესაც მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღვადგინეთ, მაშინ საზოგადოებას ვაცნობე, რომ დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების სამუშაოების მცირე ნაწილი. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ფერდის გამაგრება მთლიანად დასრულებულია. ამ ხნის განმავლობაში, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზეც და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი; ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა; შეიქმნა ე.წ. წინაღობები; გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია, ასევე, გამოყენებული იქნა ანკერები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს ფერდი. გადაადგილების თვალსაზრისით, დიდი ხანია, უსაფრთხოა. ამჟამად, მიმდინარეობს ფერდის გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა ფერდისთვის წყლის არიდება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება.

„ოქტომბრის დასაწყისში ყოველთვის იმართება სახალხო დღესასწაული, რომელიც მართლა ძალიან უხდება ამ ქალაქს. სამწუხაროდ, შარშან ვერ მოვახერხეთ „თბილისობის ჩატარება. არსებული პანდემიიდან გამომდინარე, წელსაც იგივე პრობლემა გვაქვს. დღესაც ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია. შესაბამისად, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. ამიტომ, სადღესასწაულო ღონისძიებებს ვერც წელს გავმართავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „თბილისობასთან“ დაკავშირებული კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„გვექნება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია. ასევე, ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ კონცერტი. მესმის არსებული მდგომარეობა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0