გუბერნიაში ცოფთან ბრძოლის თემაზე შეხვედრა გაიმართა

22/06/2016

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ცოფთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საქართველოს ოფისი გურიაში ცოფის შემთხვევა-კონტროლით კვლევას ატარებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის დირექტორს ჯონ ერიკ ტონგრენს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე ჯონ ერიკ ტონგრენმა აღნიშნა, მისი გუბერნატორთან შეხვედრის მიზანი გახლდათ გურიაში ცოფთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვადასხვა უწყებების ინფორმირება. მათი წარმომადგენლობა რეგიონში იკვლევს ცოფის შემთხვევებს მსხვილფეხა რქოსან საქონელში. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და გუბერნატორის ოფისთან, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ცოფის რისკები მსხვილფეხა რქოსან საქონელში.
„ ცოფთან დაკავშირებით გურიაში კვლევები ჩატარდება, რაც ძალიან დროული და საჭირო გადაწყვეტილებაა. აღნიშნული კვლევები დაგვეხმარება, რომ ერთობლივად მოვახერხოთ სწორი შედეგების დადება. აღსანიშნავია ისიც, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას აგრძელებს. ივლისის თვეში შემაჯამაბელი შეხვედრა გაიმართება და დაიდება კვლევის შედეგები. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდება. მადლობას ვუხდი ცენტრის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეგიონული ოფისის წარმომადგენელი მარიკა გელეიშვილი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0