გურიის გუბერნიაში გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე ოზურგეთის პროფესიული კოლეჯ „ჰორიზონტი“-ის წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოაწყვეს. კოლეჯ „ჰორიზონტში“ საგაზაფხულო მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე უკვე დაიწყო და ათ აპრილამდე გაგრძელდება. აპლიკანტები, რომლებიც პროფესიული ტესტირების მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსდებიან.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა 2015 წელს რეგიონში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და განიხილეს 2016 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტების მიხედვით გაზიფიცირების სამუშაოებზე, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების მოსახლეობაში დარიგების მიმდინარეობასა და საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მხარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით რეგიონის მონაწილეობის საკითხებზე.
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გუბერნატორის მოადგილეები, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.
აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც იქმნება და საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება
გუბერნიაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
14/03/2016