მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციას დღეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა სტუმრობდა. მას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგნელებმა უმასპინძლეს. სტუმრებმა მთავარი ღირშესანიშნაობა-სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ, მხარეებმა საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების სამომავლო გეგმები განიხილეს და სექტემბერში, მცხეთაში დაგეგმილ ბიზნესფორუმზეც ისაუბრეს.
გოჩა ზეიკიძემ ქართველ და სლოვაკ ხალხს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სლოვაკეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.
მიმდინარე წლის ზაფხულში, მცხეთა-მთიანეთის მხარის 45 კაციანი დელეგაცია, სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც ქართული მხარის წარმომადგენლები ბრატისლავის ზაფხულის ფესტივალს გახსნიან. ფესტივალზე, ქართული ნაწარმის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა პროდუქტი გამოიფინება. იგეგმება ტრნავის ოლქსა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებს შორის მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმება.
ამავე დღეს, ერთიანი პროგრამის ფარგლებში, მცხეთას სლოვაკ ბიზნესმენთა ჯგუფიც ესტუმრა. სამხარეო ადმინისტრაციაში საუბარი შეეხო რეგიონსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.