გუბერნატორი ზემოსურების მოსახლეობას შეხვდა

26/03/2016

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილესთან გია ებრალიძესთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასა და ხეობაში შექმნილ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად ზემოსურების მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მთის სტატუსის მინიჭებისა და სოფლისთვის სხვა პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
„ზემოსურების მოსახლეობას აქვს ორი ძირითადი მოთხოვნა. ეს არის მთის სტატუსის მინიჭება და გზის ინფრასტრუქტურის მოწყობა. გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გასულ წელს მოიხრეშა და დარჩენილია 17 კილომეტრი, რომლის ასფალტირების პროექტი მზად არის. პროექტის ღირებულება 8 მილიონ 150 ათას ლარს შეადგენს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს თანხები მოვიძიოთ და გზა გავაკეთოთ. რაც შეეხება მთის სტატუსის მინიჭების საკითხს, მთის განვითარების საბჭო ნუსხაში შესატანი სოფლების საკითხს 20 აპრილამდე განიხილავს. თუმცა სოფელი, რომელიც სტატუსს მიიღებს უნდა მდებარეობდეს ზღვის დონიდან 800-15000 მეტრზე. გასულ კვირას ამ თემაზე „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ იყო განხილვა და იქ იყვნენ ხეობის წარმომადგენლებიც. ინფრასტრუქტურის წარმომადგენელთან ერთად მოსახლეობას შევთავაზეთ ის სახელმწიფო პროგრამები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს და ამ პროგრამაში ყველა ჩაერთვება. აღსანიშნავია ისიც, რომ სურებში 20-30 წლის განმავლობაში არ იყო ელექტროენერგია და ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა ელექტროენერგიის აღდგენაც. ვპირდები სურების მოსახლეობას, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ მოთხოვნას და შეძლებისდაგვარად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებასაც აღმოვუჩენთ,“- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
შეხვედრის დასასრულს სოფელ ზემოსურების მცხოვრებლებმა გუბერნატორს მათი პრობლემებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0