გრძელდება აქტიური თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით

17/10/2023

პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინა. მან სხდომაზე გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯების და პრიორიტეტების შესახებ.

„მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით, მისი ევროპული ნაწილი არის უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე. ჩვენი ქვეყანა იმ რეგიონის ნაწილია, სადაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებასა და ნატო-სა და ევროკავშირისთვის შავი ზღვის რეგიონზე წვდომის შეზღუდვას. ამ მიზნის მისაღწევად ის იყენებს აგრესიულ და ძალადობრივ პოლიტიკას, სასტიკ ომებს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის წესებს. საქართველო ერთ-ერთი პირველი გახდა რუსული აგრესიისა და ოკუპაციის სამიზნე. 2008 წელს, ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიამდე და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს განუყოფელ ნაწილებში-აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დგას საოკუპაციო ძალა და აგრძელებს ძალადობრივ პოლიტიკას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ამ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა თავისი სტანდარტებით, მოდერნიზაციითა და მზადყოფნის დონის გაზრდით, დღითიდღე უახლოვდება ევროპულ ოჯახს და ევროატლანტიკურ სივრცეს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, გრძელდება ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება. ცენტრ „დელტაში“ შეიქმნა ახალი ტიპის, მოდულური კონსტრუქციის ჯავშანჟილეტი. მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც საშუალება მისცა ქართულ ჯარს ჰქონდეს მოდერნიზებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების დონის ინფრასტრუქტურა.

„პარლამენტის მიერ დამტკიცებული „თავდაცვის კოდექსი“ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც თავდაცვის სამინისტროში დამკვიდრებული გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების მიდგომას ეფუძნება. აღნიშნული კოდექსით რეგულირდება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. კოდექსი არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს და შემოაქვს ჩვენი სამხედროების სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მან ასევე ისაუბრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე.

„გრძელდება აქტიური თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. 2021 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოებით 6,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების არსებითად გაუმჯობესებას ემსახურება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მან ყურადღება გაამახვილა სამხედროების პროფესიულ განათლებაზე და აღნიშნა, რომ პარტნიორების დახმარებით, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, იხვეწება და ვითარდება საქართველოში არსებული უმაღლესი სამხედრო განათლების პროგრამები.

„წარმატებით მიმდინარეობს ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის შესრულება და მასში გაწერილი ინიციატივების ეფექტურად დანერგვა. ყოველწლიურად იზრდება და ძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეს არის პარტნიორობა, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებას და წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესრიგის ერთგულებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ქვეყნისა და მისი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.

„ჩვენი საერთო ძალისხმევით, მომავალში, თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0