გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფში, უწყების მიერ 2021 წელს განხორცილებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენება წარადგინა

25/01/2022

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფში, უწყების მიერ 2021 წელს განხორცილებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენება წარადგინა.

„ეს იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძალიან საინტერესო მოსმენა სუს-ის მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. უწყების ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე, ნაბიჯებზე, რაც მიზნად ისახავდა მათ პრევენციას და ნეიტრალიზაციას. მოხსენების შემდეგ, დავსვით კითხვები, რაზეც სამსახურის უფროსისგან მივიღეთ ამომწურავი პასუხები. ვიმყოფებით საკმაოდ რთულ და კომპლექსურ უსაფრთხოების გარემოში, სადაც ერთი მხრივ, გვიწევს გავუმკლავდეთ ცვალებად საფრთხეებს, საქართველოს საზიანოდ მოქმედ სუბიექტებს, ხოლო მეორე მხრივ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და განვამტკიცოთ ქვეყნის უსაფრთხოება. დიდია ის ძალისხმევა, რასაც ამ მიმართულებით უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს. უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული პროფესიონალების შრომა ხაზგასმას და დაფასებას იმსახურებს,” – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებზე საპარლამენტო კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც ზედამხედველობას სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით ახორციელებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უწყებები ნდობის ჯგუფს, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 15 აპრილისა, წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მოხსენებას წარუდგენენ. 2022 წელს, ნდობის ჯგუფის პირველი სხდომა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსმენას დაეთმო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0