გორში, კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში 800 მეტრამდე მაგისტრალური მილი მოეწყო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარის რეაბილიტაცია და მოსახლეობა ინდივიდუალურად გამრიცხველიანდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რის შემდეგაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე მოსახლე სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას აღნიშნა, არსებული მილები მოძველებულია და მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში რამდენიმე საათით, გრაფიკით მიეწოდება.
“კვერნაკის დასახლება ქალაქის ერთადერთი უბანია, სადაც სასმელი წყალი მოსახლეობას დღემდე გრაფიკით მიეწოდება. დაახლოებით ერთი თვის ვადაში კი სამუშაოები დასრულდება და ადგილობრივები უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.“ – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
აღსანიშნავია, რომ რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.