გლობალური ჯანდაცვის კომპანიასთან (BMJ) მემორანდუმი გაფორმდა

06/11/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ჯანდაცვის კომპანია BMJ Publishing Group Limited-ს (BMJ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ადამიანური რესურსის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და BMJ-ის გლობალური ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების, სტრატეგიული პარტნიორობის ხელმძღვანელმა მიტალი როზინსკიმ მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად ქართველ სპეციალისტებს ეძლევათ ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის ელექტრონულ სერვისებზე (BMJ Best Practice & BMJ Learning) წვდომის შესაძლებლობა, რაც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პლატფორმები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის საუკეთესო კლინიკური გადაწყვეტილების მიღების დამხმარე საშუალებაა. პორტალი სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზის, ხარისხის გაუმჯობესების და სხვა მოდულებს მოიცავს, რომლებიც 20-ზე მეტ ქვეყანაშია აკრედიტირებული. აღნიშნული ინიციატივით ექიმებს ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან რესურსებზე წვდომა უფასოდ შეეძლებათ.
როგორც ზაზა ბოხუამ აღნიშნა საქართველო მიდის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემისკენ – „ეს არის სამედიცინო პერსონალის, ადამიანური რესურსის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. უწყვეტი სამედიცინო, უწყვეტი პროფესიული განვითარება უმნიშვნელოვანესია. სელექტიურ კონტრაქტირებაში მყოფ კლინიკებს აქვთ ვალდებულება გარკვეული კრედიტები დააგროვონ. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალსა და სხვა პლატფორმებს მივანიჭეთ შესაბამისი კრედიტები. პლატფორმის უფასოდ გამოყენება შეეძლებათ პირველადი ჯანდაცვის, სოფლის ექიმებს, სახელმწიფო კლინიკების პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს, კლინიცისტებს და სხვა.“ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს. ახალი მემორანდუმის თანახმად 2020-2022 წლებში საქართველოს 15 000 ლიცენზია გადმოეცემა. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან მემორანდუმი, სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს, 3 წლის ვადით გაფორდა. წელს კი დოკუმენტის განახლება მოხდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0