თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს ტბის გარშემო საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკების მოწყობას.
„ხედავთ ირგვლივ რა მდგომარეობაა. პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდება ტბის გარშემო არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით 4 ჰექტარია, ასევე, ტბა გაიწმინდება, ტბის ირგვლივ მოეწყობა სასეირნო ბილიკი, იქნება დასასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები, მოეწყობა საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. ვფიქრობ, გლდანელებისთვის იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო სივრცე. აღნიშნული სამუშაოები მომდევნო წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცე, განთავსდება სკამები და ურნები. გარდა ამისა, ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება, ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება. ამასთანავე, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი, დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემები, მოეწყობა ტერასული გამწვანება, რომელიც ბუნებრივად ერწყმის არსებულ ლანდშაფტს. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს. რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები 2025 წლის ზაფხულში დასრულდება.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.