გიორგი ხანიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

30/03/2020

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს. ნიადაგის დამუშავება და მარცვლეული კულტურების თესვა უკვე აქტიურად ფაზაშია. სრულდება პირველადი საგაზაფხულო სამუშაოები ხეხილის ბაღებსა და ვენახებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, შალვა კერესელიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში, ბოსტნეული კულტურების საჩითილე-სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მუხრანშიც იყვნენ და საგაზაფხულო ხვნა-თესვის პროცესს გაეცნენ. სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული; ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტროს რეგიონული სამსახურები ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და დარგობრივთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ კონსულტაციებსაც უწევენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რათა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0