გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლებს შეხვდა

16/02/2024

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელის მოადგილეს ემი ქლენსის და ამავე ორგანიზაციის განათლების პროგრამების უფროსს ნათია ჯოხაძეს შეხვდა. გიორგი ჩაკვეტაძემ UNICEF-ის წარმომადგენლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა და გეგმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომიტეტში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ საკონსულტაციო საბჭოებს, მათ საქმიანობასა და კომიტეტში მიმდინარე თემატურ მოკვლევებს.

„გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან განვიხილეთ კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა და ძირითადი მიმართულებები. ვისაუბრეთ 2023 წელს კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევების რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგის, კომიტეტთან არსებული 6 საკონსულტაციო საბჭოს, ორი ახალი თემატური მოკვლევისა და რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ. UNICEF-ის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ ინფორმაცია მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ორგანიზაციას აქვს დაგეგმილი. მათ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოხატეს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0