გიორგი ქობულია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

18/11/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მინისტრთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ აბაშის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტარი ოთარ დანელია და აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია. შეხვედრაზე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების კერძო სექტორის მართვაში გადასვლის პროცედურის გამარტივებაზე, საბანკო დაკრედიტების სიძვირესა და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

„ჩვენთვის, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მიწების ჩართვა ეკონომიკურ ცხოვრებაში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გარდა ამისა, გიორგი ქობულიამ აბაშის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს გააცნო საკრედიტო – საგარანტიო ფონდის ინიციატივა, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიებას. ამ სიახლემ აბაშელებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია.
აბაშის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდანს ეწვია და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. მთავარ საკითხებს შორის, რომელიც მაიდნელებს აინტერესებდათ, მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, გაზიფიკაცია და ინტერნეტიზაცია იყო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ლოკალური საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაცვის საკითხები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0