სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ლიდერს ვიტოლდ სარტორიუსის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ის პროექტები და ინიციატივები, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი; ასევე, ისაუბრეს ამ პროგრამის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბახვში, ჩაის საწარმოსთან მისასვლელი გზის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი – ორპირას კალაპოტის ერთი ნაწილის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობებისა და სტანდარტების გაუმჯობესებას ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების განხორციელების გზით. 2020 წლის ივნისში, საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროგრამის – საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში პირველი კონკურსი ჩაატარა. 11-მა მუნიციპალიტეტმა 4 საპილოტე რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ჯამში 5 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო. მათ შორის, არის გურიის 2 მუნიციპალიტეტი – ოზურგეთი და ჩოხატაური, რომელთაც ჯამში 540 800 ლარის დაფინანსება მიიღეს. მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ იქნა შერჩეული, საპილოტე რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ ორგანიზებულ კონკურსში, მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს და ხელი შეუწყვეს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. შეხვედრას დასავლეთ საქართველოს საპილოტე რეგიონების კოორდინატორი ნინო ხუხუა, უმცროსი მენეჯერი სოფო ეკსეულიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დაესწრნენ.
გიორგი სახოკია, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ლიდერს შეხვდა
25/03/2021