შსს-ს ელექტრონული დაკვირვებისა და სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ქრისტიან დანიელსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეძენილი აღჭურვილობის გადმოცემის საკითხები განიხილეს და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია გაიმართა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული დაკვირვებისა და სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.
ღონისძიებას ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელები, შსს-ს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„დასავლური ღირებულებები, დასავლური სტანდარტებისკენ სწრაფვა – ჩვენი არჩევანია. საქართველოს მთავრობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერების მიმართულებით. ამ პროცესში ევროკავშირი და პარტნიორი ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართული დანაყოფებისთვის არაერთი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარების პროგრამა განხორციელდა.
სწორედ ამ წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია დღევანდელი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული დაკვირვების სისტემებისა და სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების დანადგარების გადმოცემას“, – განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერა ევროკავშირის მიერ გადმოცემული აღჭურვილობა: ერთობლივი მართვის სიმულაციური ცენტრი, რადიოკომუნიკაციის სისტემები, სათვალთვალო კამერები და დოკუმენტების ინსპექტირების აპარატურა.
საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე ელექტრონული დაკვირვების სისტემის მოწყობა ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და არარეგულარული მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას.
სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირების უახლესი აპარატურა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტში განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს შს სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობებს, უზრუნველყონ დოკუმენტების სიღრმისეული ექსპერტიზა და მოახდინონ ყალბი დოკუმენტების დროული გამოვლენა.
გიორგი მღებრიშვილი ქრისტიან დანიელსონს შეხვდა
01/02/2017