საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ქვეყნის პირველმა პირმა ახლადდანიშნულ ელჩს საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. საუბარი, ცოტა ხნის წინ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის მნიშვნელოვან ვიზიტსაც შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობის, მათ შორის, მომავალ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობაც.
თავის მხრივ, ჰუბერტ ქნირშმა დადებითად შეაფასა საქართველო-გერმანიის ურთიერთობა და აღნიშნა, რომ გერმანიის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გიორგი მარგველაშვილს გერმანიის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
19/09/2018