საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი, უმსხვილესი იაპონური ფონდის NIPPON თავმჯდომარე იოჰეი სასაკავა მიიღო, რომელმაც საქართველოში პროგრამის სტიპენდიანტთა რეგიონულ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, აუცილებელია, საქართველოსა და იაპონიას შორის კავშირების უფრო მეტად გაღრმავება, რასაც ერთი მხრივ საქართველოში იაპონიის ელჩი, ხოლო მეორე მხრივ NIPPON ფონდი შეუწყობს ხელს. იოჰეი სასაკავამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით კვლავ ესტუმრება იაპონიას.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას ბევრი საერთო აქვს და კავშირების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ფონდის NIPPON ერთერთ მიმართულებას სასტიპენდიო პროგრამები წარმოადგენს. საქართველოს ათეულობით მოქალაქემ უკვე ისარგებლა პროგრამის დაფინანსებით და საზღვაო სფეროს წამყვან სასწავლებლებსა და დაწესებულებებში განაგრძო სწავლა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იოჰეი სასაკავას საზღვაო სფეროთი დაინტერესებული ქართველი სტუდენტების დაფინანსებისა და მხარდაჭერისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა ფონდის NIPPON თავმჯდომარე იოჰეი სასაკავასთან სასტიპენდიო მხარდაჭერის პროგრამა განიხილა
24/10/2017