საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს 2018 წლის 28 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერმინისტრთან შეთანხმებით. დღეს შესაბამისი განკარგულება გადაეგზავნება პრემიერმინისტრს და შემდეგ შესაბამის პროცედურებს გაივლის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რომლებიც ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კლევის შედეგებს, ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობის ანალიზს, საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილობას, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატის დასახელების შესაძლო გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი გავაკეთეთ ამ ხუთი წლის განმავლობაში, იმისთვის რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი და დაგვებნია მათი მოლოდინები ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებთან მიმართებით. დღეს ამომრჩველმა იცის, რომ პრეზიდენტს უკვე ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, მოსამართლეების დანიშვნის უფლება, საერთაშორისო აქტიურობების უფლება, ფაქტობრივად, მოქალაქეობის მინიჭების უფლების ნაწილშიც კი შეზღუდეს – ეს საკითხი იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება.
“მოქალაქეები დაბნეულები არიან, დაბნეულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემურად რყევა, არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ ისეთი მნიშნველოვანი ინსტიტუტის, როგორიცაა უშიშროების საბჭო და სხვა. შესაბამისად, ჩემთვის არ არის გასაოცარი მოქალაქეების ჩამოუყალიბებლობა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან რთულია ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. “შესაბამისად ჩემს გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, მოგახსენებთ, როდესაც ამას მივიჩნევ საჭიროდ“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,
“ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა მოაწეროს ხელი იმას, რომ იქნება მორჩილი და ყველაფრის შემსრულებელი.” “ქართული ოცნების“ კანდიდატი, როგორც ვხვდები, ბუნებაში არ არსებობს. რადგან ამ კანდიდატმა, რაც ვთქვი და ასევე ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილ თემებზე – თუ ვეტოს გამოიყენებ მტერი ხარ და თუ სასახლეში შეხვალ მოღალატე, უნდა აიღოს თავის თავზე, მოაწეროს ხელი, რომ იქნება მორჩილი და ყველაფის შემსრულებელი.
მინდა ამ ფენომენზე გაამახვილოთ ყურადღება, რომ იქნება არაპარტიული კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს მმართველი პარტია. რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის? როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი, ზუსტად ასევე, მე არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად, იმ კანდიდატმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს ერთ მნიშვნელოვან კითხვას: – ხუთი წლის განმავლობაში, მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ ჩემს გვერდით იდგა არჩევნებში და აქედან გამომდინარე, ხელი უნდა მომეწერა ყველაფერზე, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი?!
ზუსტად ასე – 2013 წელს მე არ ვიყავი პარტიის წევრი და უბრალოდ მხარს მიჭერდა მმართველი პარტია. ასე რომ, ეს კიდევ ერთ კურიოზია ახალი ფორმატთან და უპარტიო კანდიდატთან დაკავშირებული საუბრები “, – განაცხადა პრეზიდენტმა.