გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო

07/02/2018

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტით საბერძნეთს ეწვია. ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყება. ცერემონიის შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ საუბარი შედგება. პრეზიდენტები ასევე გამართავენ შეხვედრას სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად – გაფართოებული შემადგენლობით.
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასს, საბერძნეთის პარლამენტის სპიკერს ნიკოს ვუცისის, ოპოზიციის ლიდერს შეხვდება, ასევე გაიმართება შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული სამართლის ორგანიზაციის დირექტორთან, – სპირიდონ ფლოღაიტისთან. საქართველოს პრეზიდენტი ათენის უნივერსიტეტში საჯარო ლექციასაც წაიკითხავს და ათენში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0