გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა განიხილა

23/01/2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი გიუნტერ ბეხლერი მიიღო. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას იტალიის ელჩი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, კონფლიქტის დარეგულირების საკითხს და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობას.
გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ეუთოს როლი განიხილა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, განიხილეს მავთულხლართების გავლებისა და ბანერების აღმართვის ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საარსებო საშუალებებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0