საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნეს.
გამოფენის გახსნას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ნოე ჟორდანიას შვილი ნათელა ჟორდანია და საფრანგეთში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის მთავრობის სხვა შთამომავლები დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა – ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და საფრანგეთის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის დევნილი მთავრობის მხარდაჭერისთვის.
„წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ხელახლა აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ, წელს 25 წელია მას შემდეგ, რაც ქართული სახელმწიფო კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი. ამაყი სახელმწიფო, რომელიც იყურება წინ მომავლისკენ და ეს მომავალი ერთმნიშვნელოვნად დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი სწრაფვა ევროპული კულტურისადმი, სწორედაც რომ თქვენს სამშობლოს უკავშირდება, ჩვენ ახლა ხელახლა შევძელით რომ სახელმწიფო დონეზე გაგვემყარებინა ორ სახელმწიფოს შორის კულტურული ერთობა.
ჩვენსა და საფრანგეთის სახელმწიფოს შორის უაღესად მეგობრული ურთიერთობებია პოლიტიკურ დონეზე და ამავე დროს ჩვენ ამ მეგობრობას ვამტკიცებთ ბრძოლის ველზე, ჩვენ ფრანგ თანამებრძოლებთან ერთად ვიბრძვით მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.
და მომავალიც ჩვენი სახელმწიფოებისა ამ თანამშრომლობაში და ამ ერთობლივი ღირებულებების გაძლიერებაში და გაფართოებაშია.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოფენისთვის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა მადლობა გითხრათ თქვენ და მთელ ფრანგ ერს, რომ ჩვენი ქვეყნიდან ოკუპაციის შედეგად წამოსული მთავრობა სწორედ ფრანგმა ერმა შეიფარა, მისცა ჩვენს მთავრობას ღირსეული თავშესაფარი, მისცა ჩვენს მთავრობას იმის შესაძლებლობა, რომ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ აღდგენილიყო, დიდი მადლობა თქვენ და საფრანგეთის სახელმწიფოს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა არლემ დეზირმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს საჩუქრად დიპლომატიური არქივიდან ორი დოკუმენტი გადასცა.
„ეს დიპლომატიური არქივი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და თქვენი ვიზიტისთვის საგანგებოდ გამოვფინეთ ამ დარბაზში. ეს არის სიმბოლო ჩვენი ძლიერი მეგობრობისა და იმ საერთო ღირებულებებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგული რჩება 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს გვერდით რჩება.
საფრანგეთი აგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით“, – განაცხადა არლემ დეზირმა.