ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, დღეს აღარ არის ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ და მხოლოდ ერთად დგომით და გაერთიანებით შევძლებთ ყველა ჩვენგანის პრობლემის გადაწყვეტას, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა გორის მოსახლეობას, რომელსაც შიდა ქართლის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლის დასაწყისში, აგვისტოს ომში დაღუპულები კიდევ ერთხელ გაიხსენა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„სამწუხაროა, რომ ქართველებს 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიხდა სისხლისღვრა საკუთარი მიწისთვის, ბრძოლა სამშობლოსთვის და აქაც ქართლმა კიდევ ერთხელ საკუთარ თავზე მიიღო დარტყმა, კიდევ ერთხელ შეასრულა მისია, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა. დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აგვისტოს ომში დაღუპულნი და პატივი მივაგო მათ ხსოვნას, დიდება მათ ხსოვნას. ქედს ვიხრით მათი უკვდავი სულების წინაშე. როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთვებოდა, ჩვენი მიზანი იყო გონივრული პოლიტიკის გატარება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ნებისმიერი საფრთხისა და პროვოკაციის თავიდან აცილება და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა საფრთხე არ გამქრალა, დღესაც დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ ეს ძნელად მოპოვებული მშვიდობა. ქართველებს არც წარსულისა და არც მომავლის წინაშე უფლება არ გვაქვს, ნაჩქარევად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები. თუმცა, არასოდეს შევეგუებით ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციას და ყველა მშვიდობიანი ხერხით ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საბოლოო გამარჯვება, საქართველოს გამთლიანების გარეშე, არ არსებობს; ქვეყნის გამთლიანება კი აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებით იწყება.
„ჩვენ, მომავლის სახელით, უნდა ვძლიოთ წარსულს და ეს ჩვენი საერთო მომავლისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი განსაკუთრებით მიესალმა დევნილებს და მათ გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათ ცხოვრების უკეთესი პირობები შეუქმნას – ძალიან ბევრ ოჯახს უკვე გადაეცა ბინა და დღეს ისინი საკუთარ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შიდა ქართლის დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის მთლიანად გადაჭრა, 2017 წელს იგეგმება.
„ჩვენ ყურადღებას და მზრუნველობას არ ვაკლებთ საზღვრისპირა სოფლებს, განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეუმსუბუქებს ცხოვრებას ჩვენს ხალხს, რომლებსაც მორალურადაც და ფიზიკურადაც ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მინდა მათ გამძლეობა ვუსურვო და ვუთხრა, რომ ჩვენ, სახელმწიფო, მათ გვერდით ვართ. საოკუპაციო ზოლთან არსებულ ყველა სოფელში, და ასეთია 56 სოფელი, უკვე დასრულდა გაზიფიცირება და დღეისთვის ყველა უზრუნველყოფილია გაზით. ასევე ყველა ეს სოფელი გამრიცხველიანებულია. 19 სოფელში მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, 2017 წლის ბოლომდე კი ყველა სოფელს ექნება წყალი. 17 სოფელში ავაშენეთ ამბულატორია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ვეხმარებით ამ ზონაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში – ვაფინანსებთ მათ ბაკალავრიატს და სამაგისტრო სწავლის საფასურს. მინდა გითხრათ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, რათა ამ სოფლების მოსახლეობას მორალური ტვირთი შევუმსუბუქოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, შეიქმნა საფუძველი ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური განვითარების დასაწყებად, რაც კონკრეტულ შედეგებს, ახალ სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოუტანს თითოეულ ოჯახს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა, მმართველობის ეფექტიანი სისტემა არის ის, რაც ადამიანების ცხოვრებას მაქსიმალურად უკეთესობისკენ შეცვლის.
„რა თქმა უნდა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, არც ერთ ჩვენგანს არ აქვს თვითკმაყოფილების გრძნობა. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რამხელა განსხვავებაა ცხოვრების დონეებში, ჩვენს დედაქალაქსა და რეგიონებში, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია დისტანცია საკუთარ მოსახლეობასთან, დღეს აღარ არის ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ და მხოლოდ ერთად დგომით და გაერთიანებით შევძლებთ ყველა ჩვენგანის პრობლემის გადაწყვეტას. იმისთვის, რომ ჩვენ თქვენი ცხოვრება გავაუმჯობესოთ, ჩვენ გვჭირდება საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარ კანდიდატებად ისეთი ადამიანები, რომლებსაც რეგიონში არსებული პრობლემების ძალიან სწორი აღქმა აქვთ, რომლებსაც ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების პულსზე უდევთ ხელი, რომლებიც თქვენს ტკივილს ყველაზე კარგად გრძნობენ და რომლებსაც ყველაზე კარგად აქვთ აღქმული, რა გიხარიათ თქვენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ქალაქ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება იოსებ მაკრახიძე.
„ბატონი იოსები გორელი კაცია, მშენებელია, იყო გორის საგზაო სამმართველოს უფროსი. გორელები მას კარგად იცნობთ. თავადაც კარგად იცის, რა სჭირდება ქალაქს. დარწმუნებული ვარ, გორი გამოუცხადებს ნდობას ბატონ იოსებს“, – განაცხადა პრემიერმა.
გორის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატია თენგიზ ხუბულური.
„ბატონ თენგიზს არაერთხელ გაუხარებია ქართველი ხალხი საკუთარი გამარჯვებებით და დარწმუნებული ვარ, იგი ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ გაახარებს ჩვენს ქვეყანას, უკვე იმ გამარჯვებებით, რომლებიც ძირეულად შეცვლის რეგიონში სიტუაციას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ხაშურში ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად ვალერი გელაშვილს წარადგენს.
„ბატონ ვალერისაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა, იგი პარლამენტის წევრია. ხაშურელი კაცია, თავისი კუთხის პატრიოტია და დარწმუნებული ვარ, ყურადღებას არ მოაკლებს ხაშურს და ხაშურელებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ქარელში წარდგენილია გიორგი თოთლაძის კანდიდატურა.
„გიორგიმ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სერიოზული გამოცდილება შეიძინა გუბერნატორის მოადგილედ მუშაობისას. იგი გახლავთ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, წარმატებული ადამიანია და მჯერა, რომ ასეთივე წარმატებული იქნება საქართველოს პარლამენტშიც, რაზეც მოწმობს თქვენი მხარდაჭერაც“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას.
კასპში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ირაკლი მეზურნიშვილი.
„ირაკლი გახლავთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. იგი ახლა შემოდის პოლიტიკაში და თავის ახალგაზრდულ ენერგიას და გამოცდილებას არ მოაკლებს კასპელების ინტერესების დაცვას საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წელს, ურთულეს ვითარებაში, როდესაც საქართველოს ბედი წყდებოდა, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.
„ამ არჩევნებშიც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რომელმაც მოიტანა თავისუფლება, გაიმარჯვებს, როგორც ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია ერის კონსოლიდაცია, ქვეყნის სწრაფი განვითარება და ხალხისთვის კეთილდღეობის მოტანა. გავერთიანდეთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. უნდა დასრულდეს გათითოკაცებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. ჩვენი სამშობლო უნდა გაერთიანდეს, ერთად დადგეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, დავიხლიჩოთ ორ, სამ, ოთხ და მეტ ბანაკად. ჩვენ გვაქვს ერთი საერთო ამოცანა – ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, ყველა ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა და ვერავითარ შემთხვევაში ეს ამოცანა ვერ იქნება გადაჭრილი, თუ ჩვენ ვიქნებით დახლეჩილი. „ქართული ოცნება“ არის გამაერთიანებელი ძალა, ის მიზიდულობის ცენტრი, სადაც ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი უნდა, ერთად უნდა დადგეს. ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად უნდა ვიშრომოთ, არ უნდა დავზოგოთ საკუთარი ენერგიის არც ერთი მისხალი და ჩვენი ქვეყანა უნდა გავაბრწყინოთ“, – მიმართა პრემიერმა მოსახლეობას.