საქართველოში 2015 წლის „მსოფლიოს წლის მეწარმე”, სამშენებლო ბიზნესში ერთ-ერთი ლიდერი ფრანგული კომპანია „ალტრად ჯგუფის“ დამფუძნებელი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბ “მონპელიეს“ პრეზიდენტი მოჰედ ალტრადი იმყოფება.
ფრანგ მილიარდერს, რომელიც თბილისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და EY საქართველოს მოწვევით ესტუმრა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა.
საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ფრანგულ ინვესტიციებს მიესალმება. მოჰედ ალტრადი დაინტერესებულია საქართველოთი, ქვეყნის კულტურითა და ისტორიით.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მოჰედ ალტრადი ქართველი სტუდენტებისთვის მეწარმეობის სულისკვეთების თემაზე ლექციას წაიკითხავს.
„ალტრად ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, გასულ წელს 17 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას „ალტრად ჯგუფის“ წარმომადგენლები, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.
გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ მილიარდერს, მოჰედ ალტრადის შეხვდა
17/03/2016