გიორგი კვირიკაშვილი სენტ მორიცში სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

19/02/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ მორიცში სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს შეხვდა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს მთავრობის მიერ, სამთო კურორტების განვითარებისა და სპორტის ზამთრის სახეობების პოპულარიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები. გიორგი კვირიკაშვილმა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში, სამთო კურორტების განვითარების მიმართულებით, 150 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ხორციელდება, რაც, სამთო კურორტებისა და სპორტის ზამთრის სახეობების კუთხით, ქვეყნის მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ გარდაქმნას ისახავს მიზნად.
პრემიერმა ასევე ყურადღება დაუთმო მთის კურორტების განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის გეგმას, რომელიც ბავშვების თოვლთან წვდომის გაზრდასაც ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ამ მიზნით, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების აღდგენა იგეგმება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანია, უახლოეს მომავალში, ზამთრის კურორტებზე, მსოფლიო სათხილამურო ორგანიზაციის ჩემპიონატებს უმასპინძლოს.
პრემიერ-მინისტრმა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში, ევრაზიული ზამთრის სპორტის ტურიზმთან დაკავშირებულ კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც საქართველოში აპრილში გაიმართება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელები. პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ტომას ბახს. შეხვედრის დროს პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთის სწრაფად განვითარებად კურორტებზე.
საქართველოს მთავრობის მეთაური, სენტ მორიცში, სამთო მოთხილამურეთა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპსაც დაესწრო, ასევე, შეხვდა და საქართველოში მთის კურორტების განვითარების შესახებ ესაუბრა ქართველ მოთხილამურეებს, რომლებიც ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. ჩემპიონატზე წელს ხუთმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0