გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

11/09/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.
შეხვედრა 11 სექტემბრის ტრაგიკული თარიღის გახსენებით დაიწყო. მხარეებმა ისაუბრეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე და ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში.
შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს და სამხედრო განათლების სექტორში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.
“მოხარული ვარ, რომ შედგა თქვენი პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც დაემთხვა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავს, რომლის ჩამოყალიბებაში დიდია საფრანგეთის წვლილი. თქვენს ვიზიტს ვაფასებთ, როგორც საფრანგეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების მკაფიო გზავნილს,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0