გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

25/04/2016

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს, ჯიმ იონგ კიმს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს.

აღინიშნა, რომ დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა 693 მილიონი აშშ დოლარია.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე და გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. აღინიშნა საქართველოს რეგიონალური როლი.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. მისი განმარტებით, ხელისუფლების დღის წესრიგი ყოვლისმომცველია: საგადასახადო რეფორმები და მეწარმეობის მხარდაჭერა; ინფრასტრუქტურის განვითარება; განათლების სისტემის რეფორმა და პროფესიული კადრების მომზადება ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად; ღია მმართველობის განმტკიცება. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოცხადა საქართველოს მთავრობას ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. მან მადლობა გადაუხადა ჯიმ იონგ კიმს საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.

მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0