გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

12/12/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „China Tianchen Engineering Corporation“-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების მზარდ დინამიკას და აღინიშნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმდინარე პროექტს – “გარდაბნის თბოსადგური 2“, რომლის მშენებლობასაც „China Tianchen Engineering Corporation“ ახორციელებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გარდაბნის თბოსადგური იქნება კიდევ ერთი ახალი ენერგია საქართველოს ენერგოსისტემაში და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. TCC-ი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომლის საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0