პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბეტინა კადენბახს შეხვდა.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითად საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების თემებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში და პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებს.
ბეტინა კადენბახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს იმ დახმარებისთვის, რასაც პარტნიორი ქვეყანა საქართველოს რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს.