გიორგი კვირიკაშვილი ბეშუმში სახალხო დღესასწაულს – „შუამთობას” დაესწრო

06/08/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბეშუმში სახალხო დღესასწაულს – „შუამთობას” დაესწრო. პრემიერმა საზეიმო ღონისძიებაზე მყოფთ დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა კურორტ ბეშუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ოქტომბრის ბოლომდე წყალმომარაგების პრობლემა მთლიანად გადაიჭრება ბეშუმში.

“მოგესალმებით აჭარელებო, გამოვთქვამ უდიდეს პატივისცემას თქვენს მიმართ. მინდა, ქედი მოვიხარო მუხამედ ირემაძის, მისი ანსამბლის და ყველა იმ უხუცესის წინაშე, რომლებიც ამ ურთულეს პირობებში აი აქ ქართულ კულტურას და ადათ-წესებს ინარჩუნებენ. დიდი მადლობა ყველას! ვისურვებდი, რომ ეს შემართება, ეს განსაკუთრებული სიყვარული, განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც თქვენ, აჭარლებს გაგაჩნიათ, შენარჩუნებულიყოს, გაძლიერებულიყოს. თქვენ ხართ ჩვენთვის მაგალითის მომცემნი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და გილოცავთ დღევანდელ დღეს, შუამთობას – შრომის, სიყვარულის, ერთობის დღესასწაულს! მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენთვის უდიდესი პრიორიტეტი და მთავარი საზრუნავია მთაში მოსახლეობის დამაგრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ადათ-წესები, რომელიც აქ არის, შენარჩუნდეს, ჩვენს მომავალ თაობას გადაეცეს. მე მახარებს ამდენი ახალგაზრდის ჩართულობა ამ დღესასწაულში, როდესაც მთლიანად მთელი ერი მონაწილეობს ამ უდიდეს დღესასწაულში. მინდა გითხრათ პროექტებზე, რომლებიც არის უმნიშვნელოვანესი ამ რეგიონის გაძლიერებისთვის, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა, ეს არის წყლის რეაბილიტაცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე სრულად დასრულდება და ყველა ოჯახს ექნება აუცილებლად წყლის მომარაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აქ ადამიანებმა იგრძნონ ზრუნვა და ყურადღება ჩვენგან,,“ – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბეშუმს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს და ამ პოტენციალის გამოსაყენებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთის მოსახლეობის ხელშეწყობა და მათი პირობების გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მთის კანონის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან უკვე, პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს ექნებათ სპეციალური დანამატები, ექნებათ განსაკუთრებული დანამატები იმისათვის, რომ მთამ იგრძნოს ყურადღება ხელისუფლებისგან. ტურიზმის განვითარება, ეკოტურიზმის განვითარება, ის რომ აი აქ ყველა ოჯახს, ყველა სასტუმროს ჰქონდეს განსაკუთრებით შემოსავალი და კეთილდღეობა მივიდეს ყველა თქვენთაგანის ოჯახში, არის და იქნება ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ტრადიციისამებრ, დღესასწაულის ფარგლებში, შუამთობაზე მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა ახალდაქორწინებულებს. მათ სამახსოვრო საჩუქრები პრემიერისგან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს.
შუამთობის დღესასწაული ფოლკლორული კონცერტით დაიწყო და სპორტული შეჯიბრებებითა და დოღით გაგრძელდა.
შუამთობის დღესასწაულს აჭარის სამუფთოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0