გიორგი კვირიკაშვილის შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ

12/08/2016

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპონენტები ცდილობენ ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ ”ქართული ოცნების” კანონდატები ისინი არიან და არა ის ხალხი, ვინც გიორგი კვირიკაშვილმა საჯაროდ დაასახელა. როგორც ხუნდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სხვის კალთას ამოფარება კაცის საქმე არ არის და ისინი ვერასოდეს იმარჯვებენ.

“დაიწყო საარჩევნო კამპანია და ბუნებრივია, ყველა სუბიექტი, ვინც მონაწილეობას იღებს, გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ გააჩნია რა გზით. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი იმ აზრს, რომ პოლიტიკა ბინძური სფეროა, მაშინაც კი, როცა პოლიტიკოსი არ ვიყავი. პირიქით, პოლიტიკა სწორედ რომ ღირსების და ადამიანობის ტესტია. ეს განსაკუთრებით ავიწყდებათ არჩევნების პერიოდში, როცა გამარჯვების მისაღწევად ყველა გზას იყენებენ, განსაკუთრებით ტყუილს და ბინძურ მაქინაციებს. ამ მხრივ წლევანდელი არჩევნებიც არ არის გამონაკლისი და უკვე დაიწყო სიცრუის ფართო ტირაჟირება საზოგადოებაში. მაგალითად, საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, მათ შორის მცხეთაშიც, ჩვენი ოპონენტები სხვდასხვა პარტიებიდან და განსაკუთრებით, დამოუკიდებელი კანდიდატები, ჭორებს ავრცელებენ და ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ რეალური კანდიდატები ისინი არიან და არა ის პირები, ვინც პარტიის თავმჯდომარემ საჯაროდ წარადგინა. გამოდის, რომ მან იცრუა, დაასახელა ერთი და მხარს უჭერს მეორეს.
ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილის ჯერ კიდევ მცირე დროის მმართველობის პერიოდში ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, ვისაც მის მიმართ ნდობა არ გაუჩნდა. ამ დროს, სწორედ ის პირები, ვისაც პრემიერმა დახმარების ხელი გაუწოდა ისევ ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, სიცრუეში ადანაშაულებენ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს უდიდესი შეურაცხყოფაა. „ქართულ ოცნებას“ ღირსეული ლიდერი ჰყავს და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ. საინტერესოა ჩვენი ოპონენტების ქმედება- უპირისპირდებიან ოცნებას, მის კანდიდატს და სწორედ ოცნებასთან გაიგივებით სურთ საარჩევნო ხმების მიღება. სხვის კალთას ამოფარება კაცის საქმე არ არის და ისინი ვერასოდეს იმარჯვებენ.
რაც შეეხება ჩემს რაიონს, მცხეთა 2012 წლამდე სავაჭრო დახლზე იყო შემოდებული და ხალხის ქონებით მილიონებს შოულობდნენ მხოლოდ ხელისუფალნი. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს. ეს დრო დამთავრდა, ახლა მცხეთა მხოლოდ ხალხს ეკუთვნის. ქალაქსა და რაიონს განვითარების პერსპექტივა მიეცა და არასოდეს დაუბრუნდება ჩინოვნიკების ბატონობის პერიოდს. ამისათვის იმდენჯერ ვიბრძოლებ, რამდენჯერაც დამჭირდება, ვინც არ უნდა შეეწინაღმდეგოს ამას. ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი და არც მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ჩემი ყველაზე მძლავრი იარაღი ღირსება და წესიერებაა, ის, რაც დიდ ფულზეც კი არ იყიდება“, – ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0