საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
საუბრის მთავარი თემები ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარება იყო.
პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის კონკრეტულ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მონაცემების ზრდის დინამიკა და ამ მიმართულებით არსებული კიდევ უფრო დიდი პოტენციალი.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მიესალმება ისრაელის კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების მიმართულებით და მათი ხელშეწყობისთვის მზად არის.
საუბარი შეეხო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას, რასაც საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და დაინტერესებულია ამ მიმართულებით ისრაელის გამოცდილების გაზიარებით.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია.
გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო
24/07/2017