გიორგი დოხტურიშვილი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

29/02/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს, რუმინეთის ელჩს საქართველოში, რაზვან როტუნდუს და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვდა. გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი ასრულებენ ნატოს საკონტაქტო საელჩოების როლს ორი წლის ვადით. ამ ფუნქციის შესრულებისას, გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი მუშაობენ ალიანსსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.

„ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხანია ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. სწორედ ამიტომ, თქვენი საქმიანობა ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან მოსახლეობისათვის ნატოსა და ევროკავშირზე უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას“- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა. საუბრისას, მხარეებმა ამ მიმართულებით უკვე არსებული პროექტები და პროგრამები, ასევე მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და ნატოში გაწევრიანების პროცესს. რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მისი მოადგილეები: ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე, ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი, სოფიო ბერიშვილი, რუმინეთის საელჩოს მეორე მდივანი, ალექსანდრა ვისალომი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური მრჩეველი, ჰოლანდიელი დიპლომატი, გვანცა ლოლაძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის სახალხო დიპლომატიის ასისტენტი, ნუცა ქუთათელაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0