ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ კახი კახიაშვილს და ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერებინა.
მასშტაბური პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ხორციელდება 2 292 455 ლარს ითვლის.
პროექტის ფარგლებში ეწყობა საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. ეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი და კაფე-სასადილო. შენობაში განთავსდება 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმროც. სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა აღნიშნა, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობის შემდეგ, მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრება კიდევ უფრო აქტიური, მრავალფეროვანი და წარმატებული გახდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა არაერთ პროექტს ახორციელებს სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.
გიორგი გურასპაშვილმა ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა
29/08/2017