სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ავსტრიის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერალურ მიწას შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს.
ტიროლი უკვე თანამშრომლობს სამეგრელო-ზემო სვანეთთან სახანძრო-სამაშველო და ტყის ხანძრების მართვის საკითხების მიმართულებით. მოხდა სპეციალური აღჭურვილობის გადაცემა მესტიისთვის, ხობის მუნიციპალიტეტს კი სახანძრო მანქანა გადაეცა. ასევე დაგეგმილია ტურიზმის და განათლების სექტორში თანამშრომლობა. შეხვედრაზე მხარეებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერალურ მიწას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და დამეგობრებული რეგიონების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.
გიორგი გუგუჩია, ავსტრიის ელჩს შეხვდა
20/09/2023