საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, რატუ ინოქე კუბუაბოლას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ”. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს მხარეთა შორის სამართალდაცვით სფეროში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.
გიორგი გახარიამ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ.
“ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნეთ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რაზეც მადლობა გადავუხადეთ კოლეგას და დავსახეთ გეგმები, როგორ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივად მუშაობას საერთაშორისო პლატფორმებზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრსაც ეწვივნენ. “მემორანდუმის გაფორმების შედეგად, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, მივიღოთ საქართველოსგან საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, ფიჯის რესპუბლიკის წარმომადგენლები ეწვევიან საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს და მიღებულ გამოცდილებას ჩვენ ქვეყანაში დანერგავენ”, – აღნიშნა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ცენტრის დათვალიერების შემდეგ.
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გარდა, ასევე, დაგეგმილია ფიჯის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი მომსახურების სააგენტოში, ერთობლივი ოპერაციების ცენტრსა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში.