თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო-თბილისის” თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მთავრობას ბიუჯეტში შესატანი რამდენიმე ცვლილება შესთავაზა.
როგორც გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” მიერ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კორუფციაზე უარის თქმა და ტენდერების ობიექტურ და სამართლიან პირობებში ჩატარება თბილისის ბიუჯეტში, დაახლოებით, 200 000 000 ლარის გამოთავისუფლების საშუალებას იძლევა. მისისვე თქმით, აღნიშნული თანხით ისეთი პრობლემების მოგვარება გახდება შესაძლებელი, როგორიცაა: 1. პენსიონერებისთვის 50 ლარიანი საპენსიო დანამატის დაწესება; 2. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება; 3. ბაღების ვაუჩერიზაცია; 4 ქონების გადასახადის 10% ით შემცირება, რაც ყოველწლიურად ბიზნესისთვის დატოვებულ, დაახლოებით, 16 მილიონ ლარს ნიშნავს.
ბრიფინგის დასასრულს, აღნიშნული ცვლილებების შეთავაზების მიზნით, გიორგი გაბაშვილმა დედაქალქის მერთან და მთავრობასთან შეხვედის სურვილი გამოთქვა.
გიორგი გაბაშვილმა დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
20/11/2017