გიორგი აბაშიშვილმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეაბილიტირებული ოსური სახლი გახსნა

20/05/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ეთნოგრაფიულ მუზეუმში რეაბილიტირებული ოსური სახლი გახსნა.
ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმში ოსური კარ-მიდამოს რესტავრაცია და კომპლექსური მოწყობა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა და აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა ქართველი და ოსი ხალხის საერთო წარსულის მეხსიერების შენარჩუნებასა და ისტორიული კულტურის ერთიანობის წარმოჩენას.
“ამ მუზეუმის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ექსპონატები მთლიანობაში ქართულ კულტურას ასახავს. იმ ყოფას, თუ როგორ ცხოვრობდნენ და როგორ ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
დაზიანებული ოსური სახლის რეაბილიტაცია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდად გამოყოფილი თანხით განხორციელდა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ოსური კულტურა მთლიან, ქართულ სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ჩვენი ოსი მოქალაქეები, როგორც ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე დანარჩენ საქართველოში, ძალიან მდიდარი კულტურით გამოირჩევიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი მონახულების საშუალება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
რეაბილიტირებული ოსური სახლი, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ორიგინალი ნიმუშია და ჩამოტანილია ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1975 წელს.
პროექტის თანადამფინანსებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0