მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტისა, რასაც ჰქვია – საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს აღნიშნულ მონაკვეთზე. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის.
„გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ და სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი, 9 კმ-იანი, 4-ზოლიანი გზა. მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს. შესაბამისად, ამ სიკეთით ისარგებლებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი სტუმრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.
ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კმ იქნება აშენებული. მათ შორის, აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კმ-იანი გზიდან 36 კმ. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და ეტაპობრივად დასრულდება ყველა დაგეგმილი პროექტი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა საქართველოზე გამავალი ტრანსევროპული ქსელის, ე.წ. შუა დერეფნის, შემადგენელი ნაწილია; თანამედროვე პროცესების ფონზე ეს გზა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მისი განვითარებისთვის დღეს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი პარალელურად მიმდინარეობს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის არსებითად განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფისა და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის,”- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა ეს პროექტი ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას.
„ამ პროექტებს რეგიონებში შეაქვს ახალი სიცოცხლე, რაც არა მხოლოდ მგზავრობის შემცირებულ დროსა და მანძილში გამოიხატება, ასევე -კომფორტულ, უსაფრთხო მგზავრობაში; იმ ეკონომიკურ სარგებელშიც, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლებას. საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის რიკოთის უღელტეხილი ყველაზე კრიტიკულ და გამომწვევ მონაკვეთად იყო აღიარებული. პროექტის მნიშვნელობის, საინჟინრო გადაწყვეტებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ამ მშენებლობას თამამად შეიძლება ეწოდოს უპრეცედენტო. საქართველოს რეალობაში ამ პროექტს ანალოგი არ ჰქონია, ამიტომ ჩვენ მას თამამად ვუწოდებთ საუკუნის პროექტს,”- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, აზიის განვითარების ბანკს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს.
„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო უამრავ ქართველ თუ უცხოელ სპეციალისტს, რომელიც ჩართული იყო სამუშაოებში – ინჟინრებს, მშენებლებს, გეოლოგებს, ჰიდროლოგებს, გეოტექნოლოგებს. თითოეული ამ ადამიანის წვლილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში არის განსაკუთრებული. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან წარმატებული პროექტის განხორციელება და მომავალშიც წარმატებები გისურვოთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთასთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია. პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.