გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან გელა კობალაძესთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
” რვა წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. მოხდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ამ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა ბევრი ქართველი, მათ შორის გურიის რეგიონიდან ცხრა ჯარისკაცი. დღეს პატივი მივაგეთ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას და ქედს ვიხრი თითოეული ჯარისკაცის წინაშე. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი გმირების მიერ დაღვრილი სისხლი აუცილებლად იქნება საწინდარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა “,- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გურიიდან 9 სამხედრო დაიღუპა: ოზურგეთიდან – თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი. ჩოხატაურიდან – მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე. ლანჩხუთიდან – ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, ვასილ სმირნოვი.
აგვისტოს ომის 8 წლისთავთან დაკავშირებით რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ომში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება გაუწია.
გია სალუქვაძე: ქედს ვიხრი თითოეული ჯარისკაცის წინაშე
08/08/2016