გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ინდოელ ინვესტორებს, შპს ,,მანსაროვარი“-სა და შპს „ჯეოგადამამუშავებელი“-ს საწარმოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისა და იმ მნიშვნელოვანი საკითხების წამოწევის შესახებ იმსჯელეს, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურია. ასევე, შესაძლებლად მიიჩნიეს აღნიშნული საწარმოს ადგილმონაცვლეობა, რაც გულისხმობს საწარმოს დაუსახლებელ ტერიტორიაზე განთავსებას.
„ მივესალმები რეგიონში ნებისმიერი ინვესტორის შემოსვლას. ვპირდები ყველას, რომ პირადად ვიქნები მათი ლობისტი და დაინტერესებულ პირს მაქსიმალურად გავუწევ დახმარებას. ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესი – იცხოვრონ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. კატეგორიული ვიქნები გარემოზე რაიმე სახის უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე საკითხი დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლების რაიმე სახით შეზღუდვას. პირიქით, ინვესტორის მიმართ გამოვხატავ პატივისცემას და კანონის ფარგლებში, ნებისმიერი სახის საქმიანობას მხარს დავუჭერ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოეწყობა საჯარო განხილვაც და ასეთი შეხვედრებით მივაღწევთ ორმხრივ შეთანხმებას,“- განაცხადა გია სალუქვაძემ.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს გურიის სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი ემზარ ვაშალომიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე, მედიისა და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები დაესწრნენ.
გია სალუქვაძე ინდოელ ინვესტორებს შეხვდა
04/05/2016