შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს თანამშრომლები, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად მიმდინარეობდა გზის გაწმენდით სამუშაოები – ამ დრომდეა მობილიზებული მძიმე ტექნიკა, იწმინდება სამანქანე გზები, იყრება ტექნიკური მარილი.
განსაკუთრებულად უხვი ნალექის გამო, წყნეთსა და კოჯორში გზის გაწმენდითი სამუშაოები დავით ნარმანიამ პირადად მოინახულა. თბილისის მერის განცხადებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეძლონ.
“ძირითად ნაწილში, სადაც დღის განმავლობაში და საღამოს აქტიურად თოვდა, ინტენსიურად მუშაობდნენ ჩვენი ბრიგადები. მთელი ღამის განმავლობაში არის მორიგეობა. 180 ადამიანი და შესაბამისად, 10 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკაა მობილიზებული. დილას ადრე მოიყრება, კიდევ, დამატებით მარილი, რათა ყინვების შემდგომ გადააგილება იყოს ასევე მარტივი, თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ის, რომ ყინვების დროს მოქალაქეები ზაფხულის საბურავებით გადაადგილებას მოერიდონ, რათა ამას არ მოჰყვეს ავტომანქანების დაზიანება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები. ჩვენი სამსახურები ინტენსიურად იმუშავებენ იმისათვის, რომ რაიმე სახის შეზღუდვები და შეფერხებები გზებზე არ იყოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ასევე, მთაწმინდისა და ვაკის რაიონის გამგეობების თანამშრომლები.
ამ დროისათვის, დედაქალაქის მასშტაბით, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამასთან, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს შპს “თბილსერვის ჯგუფის” ცხელ ხაზი – 2 61 90 50.
გზის გაწმენდითი სამუშაოები წყნეთსა და კოჯორში
25/01/2016