ზუგდიდის აეროპორტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ზუგდიდის აეროპორტზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია და მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ ადგილობრივი აეროპორტების განვითარებაში.
„ზუგდიდის აეროპორტზე ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ვისაც აქვს ინტერესი, ჩაერთოს ადგილობრივი აეროპორტების განვითარებაში, მონაწილეობა მიიღოს გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში. ჩვენ გვინდა, რომ ზუგდიდის აეროპორტი 20 წლის ვადით გავიტანოთ კონცესიით, აქ იქნება საინვესტიციო ვალდებულებები – დაინტერესებულმა მხარემ უნდა აღადგინოს ასაფრენ–დასაფრენი ზოლი, გააკეთოს სამიმოსვლო ბილიკი, თვითმფრინავების სადგომი, აეროპორტისა და აეროდრომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებული გვაქვს ადგილობრივი აეროპორტისთვის, თუმცა, თუ დაინტერესება იქნება და ვინმე გვეტყვის, რომ საერთაშორისო აეროპორტის განვითარება სურს ზუგდიდში, ამას მივესალმებით და ხელს შევუწყობთ“.