გერმანული მხარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის მუნიციპალიტეტისთვის

11/05/2023

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დელეგაციას, ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, კრისტიანე ლაიბახის ხელმძღვანელობით. თბილისში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის ცენტრს და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს თბილისის მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულების – ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვის პროცესში დახმარებისთვის.

„გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით დაწყებული პროექტის – „მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში გამოყოფილი 47 მილიონი ევრო მოხმარდება საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას. აღნიშნული სისტემა მომდევნო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად დაინერგება“, – განუცხადა ანდრია ბასილაიამ გერმანელ ჟურნალისტებს, რომლებიც დელეგაციას ახლდნენ.

მისივე თქმით, გერმანული მხარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, ვინაიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აქტიურად უწყობს ხელს თბილისის მდგრად ურბანულ განვითარებას, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) თბილისის მერიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითადი მიმართულებების დახვეწას და განვითარებას. მათ შორისაა: შუქნიშნების კონტროლის სისტემა; საავტობუსო პრიორიტეტის დანერგვა; სატრანსპორტო ნაკადების ინტეგრირებული მართვა; პარკინგის მართვა; საგანგებო შემთხვევების დროს გადაადგილების პრიორიტეტის დანერგვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0