თბილისს დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველო – გერმანიის ურთიერთობებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ვითარდება.
”ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ასევე შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და ამჟამად კი, თბილისში გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. ეს კი იმის ნიშანია, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქარველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებები თანდათანობით სრულდება.
“გერმანიასთან ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიური, პოზიტიური დინამიკის მქონე თანამშრომლობა გვაქვს, მზარდია გერმანიიდან ვიზიტორების რაოდენობა, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კულტურისა და პროფესიული განათლების სფეროს რეფორმირების მიმართულებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში ხვალ გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ამასთან, საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს ესტუმრება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.